საარჩევნო ინციდენტი

ენმ: ქართული ოცნების წარმომადგენელი აღიარებს, რომ მარნეულში 400 ბიულეტენი ჩაყარეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ ვიდეო-ჩანაწერს ასაჯაროვებს, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ასახულია ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელიც ყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ქართული ოცნების სასარგებლოდმაშინ, როდესაც ქართულ ოცნებას რეალურად 80 ხმა ჰქონდა. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, აღნიშნული წარმომადგენელი აგრესიულად იქცეოდა საარჩევნო უბნის გარეთაც.

"ჩვენ ერთ-ერთი ჩვენი მხარდამჭერისგან ხელში ჩაგვივარდა ჩანაწერი, სადაც ქართული ოცნების წარმომადგენელი - ადამიანი, რომელიც აგრესიულად საუბრობდა გარეთ, რომლის სახელიცა და გვარიც ცნობილია, თუ არ ვცდები, ბაირამოვი ზაზა, როგორ ესაუბრება ადამიანს (როგორც ჩანს, ჰგონია, რომ თავისიანს ესაუბრებოდა) და უყვება, როგორ ჩაყარეს 400 ბიულეტენი, როგორ, ჩემი ვარაუდით, დააშინა 22 წლის გოგო, რომელიც წარმომადგენელი იყო იმ კომისიაში და 80 ხმა ჰქონდა და 400 ჩავყარეო. ამ ჩანაწერში ჩანს ამ ადამიანის ბეჯიც, კონტექსტი არის აბსოლუტურად ნათელი, რომ იქ, სადაც მოახერხეს კომისიის წევრების დაშინება და გატეხვა, იქ პირდაპირ ჩაყრაზეც წავიდნენ. ეს არ არის ჩვენი ბრალდება, ეს არ არის ჩვენი ვერსია, ეს არის ძალიან მკაფიო ფაქტი, სადაც ჩანაწერში ოცნების აგრესიული წარმომადგენელი, რომელიც ძალიან უტიფრად იქცეოდა გარეთ, არათუ აღიარებს, არამედ, მისი აზრით, წარმატებას უზიარებს თანამოაზრეს - როგორ ჩაყარა იმ უბანში, სადაც რეალურად 80 ხმა ჰქონდა ოცნების წარმომადგენელს, 400 ხმა", - თქვა ბოკერიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მარნეულის #36 ოლქის შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

საოლქო კომისიის თავმდჯომარის თქმით, ენმ-ის განცხადება აბსურდულია, რადგან აღნიშნულ უბანზე დაახლოებით 381 ხმა არის მიცემული და ვერანაირად ვერ მოხდებოდა 400 ბიულეტენის ჩაყრა.

კომენტარები