საარჩევნო ინციდენტი

ცესკო: კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მარნეულის #50 უბანზე არ დადასტურდა

ცესკო
ცესკო

ცესკო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ოთო კახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარნეულის #50 უბანზე საარჩევნო პროცესი სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს, გამოეხმაურა. ცესკო-ს განცხადებით, კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა. ცესკო-ის სპიკერის თქმითვე, მარნეულის #50 უბანზე ერთიანი ნაციონალი მოძრაობის წარმომადგენელი და თანასწორობის ცენტრის დამკვირვებელი უფლებამოსილებას ამეტებდნენ, რის გამოც მათ გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღეს, შემდგომ კი უბანი დაატოვებინეს. ცესკო საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალონ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ.

"ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებით და სოციალური ქსელების მეშვეობით ნაციონალური მოძრაობის წევრის, ოთარ კახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენი შემოწმებით, არ დადასტურდა. ცესკო-მ გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია და, შედეგად, მარნეულის #50 უბანზე დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრმა საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს მიუთითა გადაუკეცავი ბიულეტენი გადაეკეცა და ისე განეთავსებინა შესაბამის კონვერტში. დილიდან #50 საარჩევნო უბანზე ერთიანი ნაციონალი მოძრაობის წარმომადგენელი და თანასწორობის ცენტრის დამკვირვებელი უფლებამოსილებას ამეტებდნენ. ისინი ხელს უშლიდნენ კომისიას საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში და მათ რამდენჯერმე მიეცათ გაფრთხილება. ამის შემდეგ მათ დაატოვებინეს საარჩევნო უბანი. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს, ასევე, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს არ შეუშალონ ხელი კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას და ჩვენ, ასევე, მივმართავთ ყველას თხოვნით, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი იფნორმაციის გავრცელებისაგან, რაც ხელს უშლის და ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესს", - თქვა ცესკო-ის სპიკერმა.

ცნობისათვის, ოთო კახიძის ინფორმაციით, მარნეულის #50 უბანზე არ ამოწმებენ მარკირებას, ასევე, კომისიის ერთ-ერთი წევრი ხსნის კონვერტებს და ამოწმებს, თუ ვისთვისაა ხმა მიცემული. კახიძის თქმით, ენმ-ის დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ დარღვევებზე რეაგირების შემდეგ ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა, რის შემდეგაც ენმ-ის წარმომადგენლები უბნიდან გააძევეს.

კომენტარები