ქართული ოცნება

ჩუგოშვილი: ივანიშვილი არაა პარტიის თავმჯდომარე, როგორ უნდა ვიყო მისი გუნდის წევრი?

თამარ ჩუგოშვილი
ტაბულა

ქართული ოცნების ახალი სახის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის არის ქართული ოცნების და გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრი. ჩუგოშვილს გადაცემა არჩევანში ჰკითხეს, თვლის თუ არა თავს ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრად, რაც ქართული ოცნების წევრმა არასწორად დასმულ შეკითხვად შეაფასა.

"მე ვარ გიორგი კვირიკაშვილის და ქართული ოცნების გუნდი. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი და ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ რამეს აკეთებს ამ ქვეყნისთვის. ჩემთვის და მთელი ჩვენი გუნდისთვის არის პატივი, რომ ის არის დამფუძნებელი ამ გუნდის. მე გიპასუხეთ, ეს არის ჩემი პასუხი, მეტი რა გიპასუხოთ. მე მგონი, ძალიან ცხადად და გასაგებად გპასუხობთ, არის ადამიანი ამ პარტიის დამფუძნებელი" - ამბობს ჩუგოშვილი.

კითხვაზე, "ხართ თუ არა ივანიშვილის გუნდის წევრი, კი ან არა", ქართული ოცნების ახალი სახე ამბობს, რომ "ივანიშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე, როგორ უნდა ვიყო მისი გუნდის წევრი? პარტიის თავმჯდომარე არის გიორგი კვირიკაშვილი და ვარ მოქმედი პრემიერმინისტრის და პარტიის თავმჯდომარის გუნდის წევრი".

ჩუგოშვილის თქმითვე, "ცოტა სასაცილოა, როგორც აყენებთ თქვენ საკითხს, ცოტა სერიოზულად თუ შეხედავთ საკითხს და სერიოზულად დასვამთ კითხვებს, უფრო საინტერესო იქნება. კითხვას თუ არასწორად დასვამთ, სწორ პასუხს ვერ მიიღებთ. თქვენ სვამთ კითხვას ისე, თითქოს გუნდის ლიდერი არის ბიძინა ივანიშვილი".

კითხვაზე, "უარყოფთ ივანიშვილის გავლენას პარტიასა და ხელისუფლებაზე"?, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი როლი ბევრი ფაქტორის გამო ქვეყანასა და საზოგადოებაში, იმის გამო, რომ 2012 წელს მოიგო არცევნები, იმის გამო, რომ შექმნა პარტია, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, აფინანსებს უამრავ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს".

კითხვაზე, არის თუ არა არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ჩუგოშვილი პასუხობს - "არაფორმალური მმართველი არ არის, ის არის ადამიანი, რომლის აზრსაცაც საზოგადოება უწევს ძალიან დიდ ანგარიშს. რაც შეეხება შიდა პარტიულ და სამთავრობო გადაწყვეტილებას, იქ იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვინც უნდა იღებდნენ. თქვენი კითხვა შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის".

კომენტარები