ქართული ოცნება

ჩუგოშვილი: ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის, ის არ იღებს გადაწყვეტილებებს

ტაბულა

ქართული ოცნების ახალი სახის თამარ ჩუგოშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში გადაწყვეტილებების მიმღები პირი არ არის. ამის შესახებ ჩუგოშვილმა რუსთავი ორის ეთერში, გადაცემა არჩევანში განაცხადა. ქართული ოცნების წევრებს ეკრანზე აჩვენეს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა პოლიტიკოსის შეფასებები, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველად მიიჩნევენ. ჩუგოშვილს ჰკითხეს, რატომ გაწევრიანდა პარტიაში, რომელიც არაფორმალურად იმართება თუ იღებს პასუხისმგებლობას გასულ ოთხ წელიწადზე. ქართული ოცნების ახალი სახის შეფასებით, კითხვა, რომელიც არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანში დაუსვეს, კითხვა არ არის. მისი თქმით, ჟურნალისტმა თავისი თეორია განავითარა და დასკვნაც თავად გამოიტანა. 

"ჩემი პასუხი არის შემდეგი - პარტია ქართულ ოცნებაშიც და საქართველოს ხელისუფლებაშიც არსებობენ ლეგიტიმური გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც ლეგიტიმურად არჩეული ადამიანები არიან, ლეგიტიმურად თანამდებობაზე დანიშნული ადამიანები, რომლებიც ასევე ლეგიტიმურად, კანონის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს და მათ საქმიანობაში თუ რაიმე მოგვწონს ან არ მოგვწონს, ამ ადამიანებს ვთხოვთ პასუხს ან ამ ადამიანებს ვაძლევთ კრედიტს გაკეთებული საქმეებისთვის, თუ რაიმე შეცდომებია, ვსვამთ კითხვებს და ვთხოვთ პასუხს დაშვებული შეცდომებისთვის. ამიტომ, ეს რაღაც გაუგებარი ხაზების გავლება არ მესმის, რადგან გასაგებია ბიძინა ივანიშვილის როლი საზოგადოებასა და ქვეყანაში, ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის, იმიტომ, რომ ამ ადამიანს აქვს გაკეთებული ისეთი რაღაცები, რაც მეტს არ გაუკეთებია არავის, დღესაც ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. პასუხისმგებელი პირები არიან პასუხისმგებელი პირები, ისინი არიან ანგარიშვალდებული - თუ მიიღებენ არასწორ გადაწყვეტილებას ერთი ან მეორე ადამიანის რჩევის გათვალისწინებით. ბიძინა ივანიშვილი არ იღებს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას იღებს ის, ვინც უნდა იღებდეს" - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ჩუგოშვილი პასუხობს - "არაფორმალური მმართველი არ არის, ის არის ადამიანი, რომლის აზრსაც საზოგადოება უწევს ძალიან დიდ ანგარიშს. რაც შეეხება შიდა პარტიულ და სამთავრობო გადაწყვეტილებას, იქ იღებენ გადაწყვეტილებას ისინი, ვინც უნდა იღებდნენ. თქვენი კითხვა შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის".

კომენტარები