გიგი უგულავას საქმე

ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეს საკონსტიტუციოში ხვალ განიხილავენ

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ხვალ, 16:00 საათზე ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას გაერთიანებული საქმის არსებითი განხილვა გაიმართება. 

"ა.წ. 22 სექტემბერს 16:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N740 (მოსარჩელე - გიორგი უგულავა; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი- სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 194-ე, 226-ე, 333-ე, 362-ე მუხლები; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, მე-17 მუხლის პირველი, 166-ე მუხლი, 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 259-ე მუხლი)და N764 (მოსარჩელე - ნუგზარ კაიშაური, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლი)კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენჯერმე გადაიდო. ადვოკატები გაფლანგვა/მითვისების მუხლს ასაჩივრებენ, რომლის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელსა და გიგი უგულავას პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს, თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ოთარ სიჭინავასა და ქეთევან ერემაძეს 30 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. სამი ახალი მოსამართლის ვინაობა უკვე ცნობილია - პრეზიდენტმა თავისი კვოტით ირინე იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა, უზენაესმა სასამართლომ თეიმურაზ ტუღუში, პარლამენტს კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.

კომენტარები