საკონსტიტუციო სასამართლო

IDFI: ე.წ კაბელების და R2-ის საქმეების სარჩელების რეგისტრაციის პროცესი ღია იყო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით, ე.წ კაბელების და რუსთავი 2-ის საქმეების კონსტიტუციური სარჩელების რეგისტრაციის პროცესი იყო ღია. IDFI-ის მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ საქმის განმხილველი ყველა მოსამართლისთვის ხელმისაწვდომი იყო თითოეული დოკუმენტი და მათ სრული ინფორმირებულობის პირობებში მიიღეს გადაწყვეტილებები სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ. 

გარდა ამისა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი საქმის პოლიტიკურმა ბუნებამ და ამ საქმესთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში გაკეთებულმა განცხადებებმა არ უნდა შეაფერხონ კონსტიტუციური მართლმსაჯულების უწყვეტობა". ორგანიზაციის შეფასებით, "მოსამართლეებმა უნდა შეასრულონ კონსტიტუციური ვალდებულება და მონაწილეობა მიიღონ საქმეების განხილვაში".

ე.წ კაბელების და რუსთავი ორის საქმის კონსტიტუციური სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებული განცხადებების გამო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სამართლებრივი ანალიზი დღეს გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, არაერთმა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა გააკეთა განცხადება კონსტიტუციური სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს პარლამენტმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და კონსტიტუციური სარჩელების შესაძლო შეცვლის მოტივით მოითხოვა საკონსტიტუციოს რამდენიმე მოსამართლის აცილება ე.წ. კაბელები-უგულავას და ე.წ. რუსთავი 2-ის საქმის განხილვიდან.

საჯარო განცხადებების გამო მოსამართლეთა აცილების შუამდგომლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატებმაც მიმართეს.

 

 

კომენტარები