საარჩევნო ინციდენტი

ვაშაძე: ფოკაში სამოქალაქო ფორმიანი პირები ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლას ახდენენ

გიორგი ვაშაძე
ტაბულა

საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკაში მათ მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, მოსახლეობას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები უტარებენ გამოკითხვას.

"იდენტიფიცირებული ჰყავთ ჩვენი ყველა მხარდამჭერი ნინოწმინდის რაიონში და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ისინი შეაშინონ. 6-დან 2 ადამიანი ამ წუთამდე ადასტურებს, თავიდან ყველა გვირეკავდა, რომ მათ გამოკითხვა ჩაუტარეს, ზოგიერთი გადაიყვანეს... 4 ადამიანი ამბობს, რომ პრობლემები არ მინდა, მქონდესო.

ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებული სოფლები და მოსახლეობას სამართალდამცველებთან პრობლემების ეშინია. მათ ეუბნებოდნენ, ვინ დაგავალათ პლაკატების ჩამოხევა, ან იყავით თუ არა ამა და ამ ადგილზე, თქვენთან ერთად ვინ იყო და ა.შ. იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, ეს არ იყო საპატრულო პოლიცია. ესენი იყვნენ სპეციალურად ამ სოფელში შესული, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ადამიანებთან კონტაქტს და იცოდნენ, ვისზე უნდა მოეხდინათ წნეხი, ზეგავლენა და ზეწოლა. ეს ყველაფერი სოფელ ფოკაში ხდებოდა, სადაც მთელი სოფელი, ფაქტობრივად, ჩვენს კანდიდატს უჭერს მხარს", - ამბობს ვაშაძე და აღნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები გორსა და ხარაგაულშიც მოხდა, თუმცა, ამას გამოძიების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

ტაბულა ინფორმაციის გასარკვევად შსს-სთან ცდილობს დაკავშირებას.

კომენტარები