უკანონო მოსმენები

იზორია: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სუს-ი თავის ფუნქციებს კანონიერად ასრულებს

police.ge

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, სუს-ი მიუკერძოებლად ასრულებს თავის ფუნქციებს. როგორც იზორია ამბობს, "თითოეულის პერსონალური უფლებები მაქსიმალურადაა დაცული". მინისტრი გამოეხმაურა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

"სუს-ი ახორციელებს მიუკერძოებლად იმ ფუნქციებს, რომელსაც ჰქვია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მაქსიმალურად არის დაცული თითოეულის პერსონალური უფლებები ამ ფუნქციის განხორციელების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, როგორც ამ სამსახურის ერთ-ერთი ძველი წარმომადგენელი, რომელმაც ვიცი რა ამ პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი ხარისხი, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს კანონის ფარგლებში", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

გუშინ ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც კი არ დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვარამიას და ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა - "საქართველოში არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს".

კომენტარები