უკანონო მოსმენები

მშვენიერაძე: ფარული ჩანაწერების გავრცელებისას პასუხისმგებლობა ცალსახად მთავრობაზეა

გიორგი მშვენიერაძე
თეორემა/ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, „სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებისას პასუხისმგებლობა ცალსახად ხელისუფლებას ეკისრება". მშვენიერაძემ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელება რუსთავი 2-ის ეთერში შეაფასა. მშვენიერაძის განმარტებით, თუ ხელისუფლება თვლის, რომ აუდიოჩანაწერი მისი გაკეთებული არაა, მაშინ დაუყონებლივ უნდა გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავე. მან ისიც აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო კანონიერად ახორციელებს მიყურადებას, მას ჩანაწერის გამოყენების უფლება მხოლოდ და მხოლოდ სისხლის სამართლის წარმოებისთვის აქვს, აღნიშნული შემთხვევა კი, ამ ფარგლებს სცდება.

„მანამ, სანამ სახელმწიფო არ დაადასტურებს, რომ ეს არ იყო მისი მხრიდან უკანონო მოსმენა ან მანამ, სანამ არ მისცემს პასუხისგებაში პირებს, რომლებიც სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის ფარგლებს არღვევენ, მანამდე ყოველთვის სამართლიანად იარსებებს ეჭვი, რომ ამას აკეთებს სახელმწიფო, რადგან სახელმწიფოს აქვს ყველაზე მეტი ტექნიკური საშუალება და, მათ შორის, ინტერესი, რომ უსმენდეს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის ან თუნდაც მაღალი პოლიტიკური ნდობის პარტიის წარმომადგენლების საუბარს. სამწუხაროდ, ხელისუფლება მანამდეც ადასტურებდა, ჩვენ არაერთი ჩანაწერი მოგვისმენია ამ ხელისუფლების პირობებში, რომლებზეც გამოძიება იყო არაეფექტური, რაც აღრმავებდა ეჭვებს, რომ ამის უკან იდგა ხელისუფლება", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.

ცნობისათვის, დღეს ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც კი არ დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვარამიას და ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა - "საქართველოში არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს".

კომენტარები