უკანონო მოსმენები

გვარამია: ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ გვისმენს

ნიკა გვარამია
რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ადასტურებს მისი და პაატა ბურჭულაძის საუბრის ნამდვილობას, თუმცა ამბობს, რომ დამონტაჟებულია. გვარამიას თქმით, მთავარი არა ამ საუბრის შინაარსი, არამედ ისაა, რომ "ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ გვისმენს".

"ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო, დიახ, ნამდვილად ძალიან სკანდალურია, მაგრამ, სკანდალური არის არა მისი შინაარსი, არამედ ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ყველას გვისმენს, მათ შორის, ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის გენერალურ დირექტორს და ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს. სავარაუდოდ, ორივეს. გვისმენს და ისევ ძველი ხელწერით აქვეყნებს ამ ჩანაწერებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.  რუსული საიტის მეშვეობით ტვირთავს youtube-ზე, საიდანაც მყისიერად ხდება  “რეპორტიორის” მსგავსი სამთავრობო, შავბნელი სააგენტოების მიერ ამის გავრცელება. ის, რომ რეპორტიორი სამთავრობო სააგენტოა, ეს ყველამ იცის რეპორტიორის ჩათვლით და მგონი ამას არც მალავს არავინ. ერთადერთი შეკითხვა მაქვს, საიდან გაიგო რეპორტიორმა წუთების განმავლობაში, რომ რომელიღაც რუსულმა სააგენტომ რაღაც ატვირთა youtube-ზე. ამაზე შეკითხვა იქნებოდა უაღრესად საინტერესო და, სხვათა შორის, სასარგებლო გამოძიებისთვისაც.  რაც შეეხება საუბარს, მე მიხეილ სააკაშვილთან საუბრის გამოქვეყნების მერეც ვთქვი და ახლაც ვამბობ: ვადასტურებ საუბრის ნამდვილობას, ოღონდ ეს საუბარი არის დამონტაჟებული", - ამბობს გვარამია და აღნიშნავს, რომ ჩანაწერს აკლია ბურჭულაძის ფრაზა, სადაც სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი ამბობს, რომ ის არც ქართულ ოცნებას ემხრობა და არც ნაციონალურ მოძრაობას.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, ის ესაუბრება არაერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს.

"ეს არის ჩემი პირადი საქმე, არაფერი უკანონო ამაში არ არის, არაფერი მედიის დამოუკიდებლობასთან ან პარტიების დამოუკიდებლობასთან კავშირში აქ არ არის. ჩვენ ვართ მედია, წინასაარჩევნო რეჟიმში ვთანამშრომლობთ პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის, კომუნიკაცია გვაქვს სახელისუფლებო პარტიასთან, უბრალოდ, პირად მე არ მაქვს ეს კომუნიკაცია იმიტომ, რომ მე იქ არავისთან არ ვმეგობრობ და არავინ ღირებული იქ არ არის, ვისაც მე დაველაპარაკებოდი. რაც შეხება ბატონ პაატა ბურჭულაძეს, მასთან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, მათ შორის მეგობრული ურთიერთობა. რუსთავი 2 მისი პარტნიორია დიდი ხანია, ვგულისხმობ საქველმოქმედო საქმიანობაში", - აღნიშნა გვარამიამ და განმარტა, რომ რუსთავი 2 მხოლოდ პროდასავლურ პარტიებთან თანამშრომლობს, თუმცა ეს მათი საქმიანობის გაშუქებასთან კავშირში არაა.

"მივიჩნევთ, რომ ქართული ოცნება არ არის პროდასავლური ძალა და მასთან თანამშრომლობა დიახაც, არის წინასაარჩევნოდ არის განსაკუთრებით წყალგამყოფი თანამშრომლობის კუთხით.  ეს ნამდვილად ასეა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე პარტია ვერ მოხვდება ჩვენს ეთერში.  შეგიძლიათ, ნახოთ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიტი და ყველაზე დაბალანსებული ეთერი ჩვენ გვაქვს. მაგრამ, ვისთან ვითანამშრომლებთ, რა ფორმით და როგორი ხარისხით, ეს, თავისთავად ცხადია, ჩვენი გადასაწყვეტია და ბატონ პაატა ბურჭულაძესაც ვესაუბრე სწორედ ამაზე", - ამბობს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.

მისივე თქმით, საკუთარ fb გვერდზე დაწერა კიდეც, რომ ბურჭულაძეს აუცილებლად დაელაპარაკებოდა.

"სასაცილოა, რომ რაღაც კონსპირაციები კეთდება ამისგან იმიტომ, რომ ამაზე გაცილებით ხისტი ფორმით გამოვთქვი ჩემი აზრი facebook-ზე საჯარო პოსტში, როდესაც გავიგე, რომ პაატა ბურჭულაძის ბლოკის ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილი აპირებდა ოცნებასთან კოალიციაში შესვლას. იქვე, იმ პოსტის ქვეშ დავწერე, რომ მე ამ თემაზე აუცილებლად დაველაპარაკებოდი პაატა ბურჭულაძეს, მერე უკვე დავწერე ჩემი და პაატა ბურჭულაძის საუბრის მოკლე შინაარსი, რომელიც იმეორებს ზუსტად იმას, რაც თქვენ მოისმინეთ. ასე რომ, ამ ყველაფერში სკანდალური არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული სითავხედით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, გვამცნო, რომ ის, დიახაც, გვისმენს და, დიახაც, იყენებს ჩვენს საუბრებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ამას ასაჯაროებს, რაც ყველაზე უფრო ტრაგიკული და ამაზრზენია ამ ყველაფერში", - ამბობს გვარამია.

დღეს ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვარამიას და ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე გამოძიება სსკ-ის 159-ე მუხლით დაიწყო, რაც პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა - "საქართველოში არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს".

კომენტარები