უკანონო მოსმენები

კაპანაძე: ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გავაუქმებთ

სერგი კაპანაძე
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააუქმებს. პარტიის წევრი სერგი კაპანაძე გვარამია-ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის უკანონოდ გავრცელებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოში პოლიტიკური პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასამარდეს.

"ფაქტი იმისა, რომ უსაფრთხოების სამსახური უსმენს ან დამოუკიდებელი ტელევიზიის გენერალურ მდივანს ან პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს, ძალიან შემაშფოთებელია. ხაზგასასმელია, რომ ეს ჩანაწერი გავრცელდა იმ ვებსაიტზე, რომელიც პირდაპირაა უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სუს-ის ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში აქამდეც ხდებოდა ძალიან აქტიურად. ამ ჩარევის შედეგი ის იყო, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, მათ შორის ჩვენი პარტიის წევრებმა 2 წლის წინ კანდიდატურები მოხსნეს არჩევნების წინ; იგივე ბურჭულაძე ამბობდა, რომ სუს-ი უთვალთვალებს; სხვა პარტიების განცხადება, რომ სუს-ი ახდენს ზეწოლას მათ წევრებზე. ეს ზეწოლა იზრდება და, როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს, არჩევნები მოიგოს ამ გზით - უსაფრთხოების სამსახურის ჩარევით", - თქვა კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, ხელისუფლება სუს-ის გამოყენებით არჩევნებს ვერ მოიგებს. "ეს მათ არ უშველით, ეს აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედებაა, რომ სუს-ის გამოყენებით მოახდინოს გავლენა არჩევნების შედეგებზე.

ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს კონკრეტული გეგმა, ეს პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას ოქტომბრის არჩევნების მერე. ჩვენ სუს-ს გავაუქმებთ, იმიტომ, რომ პოლიტიკური პოლიცია დასამარდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ. კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი ფუნქციები კი უნდა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მასზე უნდა იყოს სერიოზული საზოგადოებრივი მეთვალყურეობა", - თქვა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა. საუბრის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც არ დასჭირდა. სუს-ი კი ბრალდებას უარყოფს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები