უკანონო მოსმენები

სუს-ი: კავშირი არ გვაქვს გვარამიას სატელეფონო ჩანაწერის მოპოვება-გავრცელებასთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს ნიკა გვარამიას ბრალდებას მისი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, ბრალდება უსაფუძვლოა.

"ეს ბრალდება არის უსაფუძვლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს რაიმე სახის კავშირს აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან. თუ ვის მიერ იქნა მოპოვებული და გავრცელებული აუდიოჩანაწერი, გამოძიება დაადგენს. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო”, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება სსკ 159-ე მუხლით, პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

დღეს ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც კი არ დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა - "საქართველოში არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს".

კომენტარები