უკანონო მოსმენები

ნიკა გვარამია სუს-ს მისი სატელეფონო საუბრის გავრცელებაში ადანაშაულებს

rustavi2.com

დღეს ინტერნეტში პაატა ბურჭულაძისა და რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. საუბარი ეხებოდა ბურჭულაძის ბლოკის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ნათქვამს, რომ ის ქართულ ოცნებასთან კოალიციას არ გამორიცხავს. გვარამია ბურჭულაძესთან ამ საკითხის გადამოწმებას ცდილობდა.

ჩანაწერის გავრცელებაში გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. მისი თქმით, მან სპეციალურად დარეკა "ღია" ხაზით, სუს-ს კი, გასასაჯაროებლად 3 დღეც კი არ დასჭირდა.

ტაბულა სუს-ს დაუკავშირდა, სადაც დაგვპირდნენ, რომ ინფორმაციას მოგვაწვდიან.

აღსანიშნავია, რომ 8 სექტემბერს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამბობდა - "საქართველოში არცერთი შემთხვევა არაა, რომ მოსმენებს უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებდეს".

კომენტარები