საკონსტიტუციო სასამართლო

პეტრიაშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს: ნუ მიიღებთ მონაწილეობას სხდომის ჩაშლაში

ალექსი პეტრიაშვილი
sazogadoeba.ge

ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, რომ დღეს ჩანიშნული პროცესი კიდევ ერთხელ არ ჩაშალოს და საქმე არ გააჭიანუროს.

"სახალხო დამცველმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული სასამართლოს მეგობრის სტატუსი. მან შეისწავლა კაბელების საქმე, მისი დასკვნა და პოზიციები აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენი ადვოკატების პოზიციებთან. სახალხო დამცველის დასკვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია და სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციასა და სისხლის სამართლის კოდექს. სახალხო დამცველმა თავისი დასკვნა გაუგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენც მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს და მოვუწოდებთ - ნუ მიიღებენ მონაწილეობას სხდომების ჩაშლასა და გაჭიანურებაში, იმოქმედონ მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად, დაიცვან კანონი და საკუთარი პროფესიული ღირსება", - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების ცნობით, ალექსი პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 1 სექტემბერს, 15:00-ზე, გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 2 აგვისტოს უნდა განეხილა. სხდომა კვორუმის არარსების გამო გადაიდო, რადგან ცხრა მოსამართლიდან სასამართლოში მხოლოდ ოთხი მივიდა. მოსამართლეების ნაწილმა სხდომაზე არმისვლის მიზეზად, დიპლომატებთან შეხვედრა დაასახელა. ამასთან, მათი მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი კი აცხადებდა, რომ მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეების განხილვაში მონაწილეობას ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე არ მიიღებდა.
 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მოსამართლეები გამოკითხა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ყველა მოსამართლე უარყოფს მათზე ზეწოლის ფაქტს.

კომენტარები