საქართველოს მთავრობა

TI: სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელად დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის წარდგენა კორუფციის ნიშნებს შეიცავს. TI კურორტ თეთნულდის განვითარების მიზნით სახელმწიფო შპს-ს დაფუძნებაზე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ორგანიზაციის განცხადებით, გაურკვეველია, რა კრიტერიუმით შეარჩია საქართველოს მთავრობამ სოსო ჯაჭვლიანის კანდიდატურა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპანიების არსებობა მიღებული პრაქტიკაა, თუმცა, ასევე აღიარებულია მსგავს კომპანიებთან დაკავშირებული კორუფციის რისკები.

"სახელმწიფო კომპანიების მართვის მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი მათ საქმიანობასა და მენეჯმენტში პოლიტიკური (პარტიული) ჩარევის პრევენციაა. სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კორუფციული საფრთხე ის არის, რომ ეს კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მმართველი პარტიასთან ან მთავრობასთან დაკავშირებული პირების „დაჯილდოების" ინსტრუმენტად შეიძლება იქცნენ ნაცვლად იმისა, რომ მათი საქმიანობა ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებისკენ იყოს მიმართული. სახელმწიფო კომპანიის სწორედ ამგვარ ინსტრუმენტად გამოყენების ეჭვს აჩენს ბატონი ჯაჭვლიანის წარდგენა ხსენებულ თანამდებობაზე, რადგან გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია ის საქართველოს მთავრობამ. თუ გავიხსენებთ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის დავით საგანელიძის დანიშვნას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ერთგვარი ტენდენციის სახეს იღებს. შეიძლება ასევე გავიხსენოთ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი პოლიტიკოსების დასაქმება თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მსგავსი ეჭვები გამოთქვა 2015 წელს „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" შექმნის და მის ხელმძღვანელად ალექსანდრე მარგიშვილის დანიშვნის თაობაზე. მსგავსი გადაწყვეტილების პრობლემურობაზე ისიც მეტყველებს, რომ ცენტრი დაარსებიდან ერთი წლის თავზე გაუქმდა. სახელმწიფოს კი არ განუხორციელებია მონიტორინგი, თუ რამდენად ეფექტრურად დაიხარჯა ცენტრის დაფინანსებისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მომავალ თვეში გამოაქვეყნებს დეტალურ რეკომენდაციებს სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების პრევენციასთან დაკავშირებით" - აცხადებს TI და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სახელმწიფო კომპანიების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის საშუალებით და ცხადი კრიტერიუმების საფუძველზე მიიღოს.

"სხვა შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც კორუფციის, ისე სახელმწიფო რესურსების არაეფექტურად განკარგვის რისკი" - აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოსო ჯაჭვლიანი ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სახელმწიფო კომპანიის დირექტორი გახდება. კომპანია, რომელსაც პრემიერის თქმით, ჯაჭვლიანი არჩევნების შემდეგ უხელმძღვანელებს, თეთნულდის კურორტის განვითარებას ისახავს მიზნად.

"ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს სახელმწიფო შპს, რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იგი არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი, კინორეჟისორი, აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ, რომ მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებული. სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილებას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები