საკონსტიტუციო სასამართლო

ალასანია: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ე.წ კაბელების საქმის გაჭიანურება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას "პირდაპირ უკავშირდება". ალასანიას თქმით, "ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგებით დაუბრუნდება ამ ხელისუფლებას". მისივე შეფასებით, ე.წ. კაბელების საქმე არის ყველაზე მსხვილი შავი ლაქა, "რომელიც არ ჩამოცილდება ამ ხელისუფლებას". 

"საკონსტიტუციოს მოსამართლეებზეც მიდის ზეწოლა. ეს კარგად გამოჩნდა, ბოლო თვის განმავლობაში როგორ მიმდინარეობდა პროცესები, როგორ არ გამოცხადდნენ მოსამართლეები სხდომაზე და ამ გზით აარიდეს თავი გადაწყვეტილების მიღების საკითხს. ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგებით დაუბრუნდება ამ ხელისუფლებას. სასამართლოში ხელის ფათური არ შერჩენია არც სააკაშვილს და არ შერჩება არც ივანიშვილს", - განაცხადა ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის თქმითვე, "ძალიან სამწუხარო რეალობაა, რომ ქართულმა ოცნებამ გადმოიღო და საკუთარ თავზე მოირგო ნაციონალური მოძრაობის დროს დანერგილი მართვის და კონტროლის მექანიზმები მოსამართლეებზე". მისი განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ კი არ შეცვალა და დაანგრია სიტემა, როგორც ეს დავპირდით საზოგადოებას 2012 წელს, არამედ გადმოიღეს და საკუთარ თავზე მოირგეს".

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, 2 აგვისტოს უნდა შეკრებილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. მათ გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმე უნდა განეხილათ. სხდომა გადაიდო, რადგან ცხრა მოსამართლიდან სასამართლოში მხოლოდ ოთხი მივიდა. მოსამართლეების ნაწილმა სხდომაზე არმისვლის მიზეზად, დიპლომატებთან შეხვედრა დაასახელა. ამასთან, მათი მტკიცებით, ე.წ. კაბელების საქმის რეგისტრაცია კანონდარღვევით განხორციელდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი კი, მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეების განხილვაში მონაწილეობაზე უარს ზეწოლაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე ამბობს.

კომენტარები