მზის ენერგია

უკრაინის მთავრობა ჩერნობილში მზის ელექტროსადგურის აშენებისთვის ინვესტორებს ეძებს

tendersontime.com

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია შესაძლოა, განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო გახდეს. უკრაინის მთავრობამ ჩერნობილისა და პრიპიატის ტერიტორიების ათვისებისთვის მოლაპარაკებები ინვესტორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Guardian ავრცელებს. 

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე მომხდარი კატასტროფა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოგენური ავარიაა. შემთხვევის გამო უკრაინამ ჩერნობილის გარშემო ათასი კვადრატული კილომეტრის დახურული უსაფრთხოების ზონა შექმნა. 

უკრაინის მთავრობის მიერ ინვესტორთათვის წარდგენილ პრეზენტაციაში წერია - "ავარიიდან 30 წლის შემდეგ გაჩნდა ახალი შესაძლებლობები ამ მიწების ათვისებისთვის. შესაძლებელია სპეციალური ინდუსტრიული ზონა შეიქმნას აკრძალულ ზონაში, სადაც რადიაციისგან დაცვის ყველა ნორმების დაცვით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის პროექტის განვითარება". წინასწარი გათვლებით, ჩერნობილში 1000-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის შექმნაა შესაძლებელი.

ტერიტორიის განახლებადი ენერგიის მიმართულებით ათვისებისთვის ორი ძირითადი წინაპირობა არსებობს: 1) მზიანი დღეების დიდი რაოდენობა, რაც კომერციულად მომგებიანი მზის ელექტროსადგურის შექმნისთვის ხელსაყრელია. 2) ტერიტორიაზე განსაკუთრებით მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების არსებობა. იმის გამო, რომ ჩერნობილში 4 ათას მეგავატიანი ატომური სადგური არსებობდა, ტერიტორიაზე კვლავაა დარჩენილი ექსპლუატაციაში მყოფი ტრანსფორმატორები და გადამცემი ხაზები, რაც იქ მზის ენერგოსადგურის აშენებისთვის კარგ წინაპირობას ქმნის. 

მზის ელექტროსადგურის აშენება ყოველწლიურად იაფდება. ასეთი ტიპის ელექტროსადგურები ერთჯერად მსხვილ ინვესტიციას საჭიროებენ, მათი შემდგომი ექსპლუატაციის ხარჯები კი მინიმალურია. პროექტისთვის უკრაინას $500 მილიონი მაინც დასჭირდება, რაც მწვავე ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნისთვის საკმაოდ რთული დასაფინანსებელია. 

პროექტის განხორციელების ალბათობა ჯერჯერობით დაბალია. უკრაინას ჩერნობილის კატასტროფის კონსერვაცია ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდება. წელს ქვეყანამ მეოთხე რეაქტორის ბეტონისა და ტყვიის მეგასარკოფაგის ასაშენებლად EBRD-ისგან დამატებით $500-მილიონიანი კრედიტი აიღო. 

ჩერნობილის მზის ელექტროსადგურის მშენებლობაში შესაძლოა, EBRD-იც ჩაერთოს. თუმცა ბანკი ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუკი რომელიმე კერძო ინვესტორი პროექტის დაფინანსებით დაინტერესდება. 

ჩერნობილის ავარიამ მნიშვნელოვანი ზიანი ბელორუსსაც მიაყენა. ქვეყანა ამ დროისთვის ავარიიდან 20 კილომეტრში ბაჰრეინულ საინვესტიციო ჯგუფთან ერთად 23 მეგავატიან მზის ელექტროსადგურს აშენებს.

მშენებარე ტყვია-ბეტონის სარკოფაგი
ფოტო: ibtimes.com

კომენტარები