მზის ენერგია

ბაიდენის ადმინისტრაცია: 2050-ში აშშ-ს ელექტროობის 45% მზის ენერგიით გამომუშავდება

ბაიდენის ადმინისტრაციის თანახმად, 2050 წლისთვის ელექტროობის თითქმის ნახევარს აშშ მზის ენერგიისგან გამოიმუშავებს, თუკი ქვეყანა შეამცირებს ნახშიროჟანგის ემისიას და სწრაფად შეძლებს ეკონომიკის იმ სექტორების გაელექტროებას, რომლებიც წიაღისეულ საწვავს ეყრდნობიან.

ენერგიის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2035 წლისთვის მზის ენერგიით ქვეყნის ელექტროობის 40% გამომუშავდება, 2050 წლისთვის კი - 45%. თუმცა, ესაა პროგნოზი და არა ახალი მიზანი ან გეგმა, კვლევა ხაზს უსვამს მზის ენერგიის პოტენციალს და მიზნად ისახავს დაეხმაროს ადმინისტრაციას მიაღწიოს ამბიციურ მიზანს, რაც ნახშირბადის დიოქსიდის გამოყოფის ნულამდე შემცირებას გულისხმობს 21-ე საუკუნის შუისთვის.

"კვლევა აჩვენებს, რომ მზის ენერგია, რომელიც არის ჩვენთვის ყველაზე იაფი და სწრაფად მზარდი წყარო სუფთა ენერგიისა, 2035 წლისთვის გამოიმუშავებს იმ ოდენობის ელექტროობას, რაც საკმარისი იქნება აშშ-ს ყველა ოჯახის უზრუნველსაყოფად და დაასაქმებს 1.5 მილიონამდე ადამიანს", - ამბობს ენერგიის დეპარტამენტის მდივანი, ჯენიფერ გრანჰოლმი.

წინა წელს, მზის ენერგიის წილი აშშ-ს მთლიან გამომუშავებაში 4% იყო, რაც ნიშნავს, რომ ამ ამბიციური ჩანაფიქრის განსახორციელებლად ტრილიონობით ინვესტიცია იქნება საჭირო ბიზნესისა თუ ხელისუფლების მხრიდან. 

კომენტარები