თვითმკვლელობამდე მიყვანა

პრემიერი: დემურ სტურუას თვითმკვლელობის გამოძიებას პირადად გავაკონტროლებ

facebook.com/KvirikashviliOfficial

პერმიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. პრემიერის თქმით, ის პირადად გააკონტროლებს საქმის გამოძიებას. სტურუას თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის ზეწოლას უკავშირდება, პოლიციელმა კი რომელმაც სავარაუდო ზეწოლა განახორციელა თანამდებობა უკვე დატოვა.

”როგორც კი ეს ფაქტი მოხდა, პოლიციელი, რომელზეც არის საუბარი, გადაყენებულია თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, გამოძიება ჩატარდება. არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ხელს არავის დააფარებს. მეც პირადად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობს",-ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

ზეწოლის შესახებ ცნობილი თვითმკვლელობამდე დაწერილი წერილიდან გახდა. მასში წერია - "პოლიციელი გოდერძი თევზაძე მემუქრებოდა, ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო. თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ და აქ მოგკლავო. მემუქრებოდა". წერილის მიხედვით, პოლიციელმა გარდაცვლილი 2016 წლის 7 აგვისტოს სცემა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს პროკურატურა გამოიძიებს. უწყების ინფორმაციით, თავდაპირველად, 8 აგვისტოს, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სამტრედიის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო გამოძიება. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე პროკურატურას გადაეცა.

კომენტარები