თვითმკვლელობამდე მიყვანა

"ინტიმური კადრების გავრცელების მუქარით 1 000 ლარი მოსთხოვეს" – POG კახეთში მომხდარზე

საქართველოს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის, ანგარების მოტივით უკანონოდ გავრცელების და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის დაკავებულ ორ პირს. 

უწყების ცნობით, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ყალბი ფეისბუქ გვერდით სარგებლობდნენ, დაზარალებულისგან მოიპოვეს მისი პირადი ცხოვრების ამსახველი, ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მათთვის 1 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივის და ღირსების შელახვის მიზნით, აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა სოციალური ქსელ ფეისბუქის აპლიკაცია მესენჯერის მეშვეობით უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნეს. შედეგად დაზარალებული აღმოჩნდა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (გამოძალვა, ჯგუფურად), 157-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის  ქვეპუნქტით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით, ჩადენილი ანგარებით) და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2006 წელს დაბადებული ნ.გ.-სა და 2007 წელს დაბადებული ნ.მ.-ს დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ 13 მარტს გაავრცელა.

კომენტარები