ნარკოპოლიტიკა

გირჩი: დაიწყეთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი 22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის უსწრაფეს გამოძიებას ითხოვს. საგანგებო ბრიფინგზე იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პოლიციელის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი არ დაუშვებს მსგავსი დანაშაულის მიჩქმალვას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებობს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა. როდესაც ჩვენ ვითხოვთ ცვლილებას, საზოგადოებას და პოლიტიკოსებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს საკითხი ეხება 100 000-ობით ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მომავალს" - აღნიშნა ხვიჩიამ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი ასევე მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად დაიწყოს მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაზე მათი სარჩელის განხილვა. 

"ვიცით, საკონსტიტუციო სასამართლოში რა მდგომარეობაა, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ვთხოვთ, რომ დროულად დაიწყოს ამ საქმის განხილვა, გამონახის დრო ამ უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისთვის" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. ტაბულას გარდაცვლილის მეგობარმა უთხრა, რომ დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა. წერილში წერია, რომ პოლიციელი გოდერძი თევზაძე მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია, ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის სოფლებში - დაფნარში, კულასა და საჯავახოში. 

22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს პროკურატურა იძიებს. უწყების ინფორმაციით, თავდაპირველად, 8 აგვისტოს, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე სამტრედიის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო გამოძიება. ხოლო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები