ტერორიზმი

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებულ ბორჩაშვილს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ ცნო. ბორჩაშვილს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

პროკურატურის განცხადებით, "სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია - „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში". იგი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მონაწილეობდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ბრალდებით დავით ბორჩაშვილი 21 ნოემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას, ანდა მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქართველოში დაბრუნებისას ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთში გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან გამოუშვეს, რის შემდეგაც ის საქართველოში დააკავეს.

კომენტარები