თავდაცვა

ჯანელიძე: წითელაშვილი ობიექტზე ჩემთან შეუთანხმებლად შეიყვანეს, ეს გადაცდომა იყო

ეს არის აბსურდული ბრალდება. ეს ჰგავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას, ვიდრე რამე საქმეზე ლაპარაკს. ამიტომ, ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძნელია, თუმცა ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არცერთ საიდუმლო ბაზაზე და მეორე ბრალდება, რაც ჩემი მისამართით იყო, არის, რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ ყოფილა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე გადაცდომა ჩაიდინა, ყველამ შესაბამისად აგო პასუხი. დანაშაულზე არ იყო საქმე, იყო გადაცდომაზე საქმე, ამ გადაცდომაზე აგო პასუხი იმ პირმა, ვინც ის ჩაიდინა. იყო სარეჟიმო წესების დარღვევა და ამ წესების დარღვევაზე აგეს პასუხი. რა თქმა უნდა, ჩემთან შეუთანხმებლად [შევიდა წითელაშვილი სამხედრო ობიექტზე]. პროკურატურას საქმე გადაეცემა მაშინ, როცა სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. ამ შემთხვევაში, არ ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული, როგორც ვამბობ, იყო წესების დარღვევა ანუ გადაცდომა და ამაზე გენინსპექციამ გააკეთა შესაბამისი რეაგირება.

კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე გენერალ გიგი კალანდაძის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ტრისტან წითელაშვილმა რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა. კალანდაძის მტკიცებით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა.

კომენტარები