ქორწინების თანასწორობა

მიქელაძე: რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, და ქორწინების უფლება სწორედ ამგვარი უფლებაა, არ შეიძლება უმრავლესობის ნების განხორციელებასთან დაკავშირებული მექანიზმებით წყდებოდეს. შეუძლებელია დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში უმრავლესობა წყვეტდეს უფლების შინაარს. ეს არღვევს კონსტიტუციონალიზმის პირველად იდეას, რომელიც უმრავლესობის ტირანიის შეზღუდვას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი სქესის პირთა ქორწინების საკითხი ექსპლიციტურად არ არის მოხსენიებული მოქმედ კონსტიტუციაში ან სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ, კონსტიტუციით დაცული უფლებები, მათ შორის, ქორწინების უფლება, თანასწორობის პრინციპი, თვითგანვითარების უფლება შეიცავს ამ უფლების ამოკითხვის რესურსს. უფლების ამგვარ აღიარებას პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის მომზადება სჭირდება და ინტერპრეტაციის ამ რესურსის წაშლა ესე ფორსირებულად, იდეოლოგიური და სოციალური კაპიტალის თვალსაზრისით გაკოტრებული პარტიების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა ხდებოდეს. ეს ინიციატივა ადამიანის უფლებების და კონკრეტული სოციალური ჯგუფის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების უხეში მცდელობაა და ამავდროულად რეალური კრიზისების გადაფარვის შესაძლებლობა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეფერენდუმის მოწყობა ასევე არ შეიძლება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად. სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი კითხვა იმდენად ვიწროდ და ამომწურავად არის განსაზღვრული, რომ ის მთლიანად განსაზღვრავს და მოიცავს იმ საკითხს, რომელიც კანონში განსახორციელებელი ცვლილიებით შეიძლება დარეგულირდეს. ამ პირობებში, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს აქვს საკმარისი სამართლებრივი და სოციალური არგუმენტები, უარი თქვას ამ საკითხზე რეფერებდუმის ჩატარებაზე. ამით პრეზიდენტი მოახერებს პოლიტიკური პროცესების ვულგარული პოპულიზმებისგან დაცვას და კონსტიტუციონალიზმსა და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებას პოლიტიკაში

EMC-ის აღმასრულებელი დირექტორი, თამთა მიქელაძე ტაბულასთან საუბარში

კომენტარები