საკონსტიტუციო სასამართლო

თავდემები ხელისუფლებას: კონტროლზე აიყვანეთ საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესები

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, პირად კონტროლზე აიყვანონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრივ იმიჯს საფრთხე ემუქრება.

"ასეთი რამ გაუგონარია, ჯერ არ ყოფილა, რომ მოსამართლეები არ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მათ პირად კონტროლზე აიყვანონ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესები, რადგან ეს სცდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ საქმეს და ურტყამს პირდაპირ ქვეყნის დემოკრატიულ და სახლმწიფოებრივ იმიჯს. კონსტიტუციური რევოლუცია მოახდინა სწორედ ქართულმა ოცნებამ, რომელმაც დაიმორჩილა ჯერ საერთო სასამართლოები და ჩააბარა ლევან მურუსიძეს. ამით დაარღვია კონსტიტუცია და დამოუკიდებელის ნაცვლად, მივიღეთ მორჩილი სასამართლო, ახლა კონსტიტუციურ რევოლუციას უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ისევე იმორჩილებენ, როგორც დაიმორჩილეს პირველი ინსტანციის სასამართლო,"- აცხადებს ნინო გოგუაძე.

ადვოკატი ლევან სამუშია კი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციოს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.

"ეს მოსამართლეები იმყოფებიან ზეწოლის, პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ეს ადამიანები კონკრეტული საკონსტიტუციო სარჩელის მართლმსაჯულების განხორციელებაზე მიზანმიმართულად ამბობენ უარს. აცხადებდნენ, რომ მიზანმიმართულად არ აპირებდნენ პროცესზე შესვლას და გუშინ მოტივად მოიყვანეს დიპლომატებთან შეხვედრა,"- განაცხადა სამუშიამ.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმი ვერ შეიკრიბა და ამის გამო, გიგი უგულავას და ე.წ კაბელების საქმის განხილვა გადაიდო. 

აქვე შეგახსენებთ, ქართული ოცნების დეპუტატების გიორგი ვოლსკის და ეკა ბესელიას განცხადებით, "საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის, იმ სარჩელების, რომელიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე". ეკა ბესელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე სარჩელები შეიცვალა.

"ერთ შემთხვევაში არის 10 გვერდით შეცვლილი სარჩელი და იგივე ნომრით დარეგისტრირებული, ეს არის რუსთავი 2-ის საქმე, ე.წ. კაბელების საქმე, რომელზეც მოსამართლე ტურავამ ისაუბრა. ეს არის დანაშაულებრივი ფაქტები, რომელსაც გამოძიება სჭირდება... ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ე.წ. რევოლუცია", - თქვა დეპუტატმა.

სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა გია ვოლსკიმაც. მისი მტკიცებითაც, "შემოსულ სარჩელზე წინასწარ არის გავლილი კონსულტაციები პირველ კოლეგიაში და შემდეგ არის დამატებული და შესწორებული შინაარსობრივად". დეპუტატის თქმით, იკვეთება მოსამართლეების თანამშრომლობა სარჩელის შემომტან პოლიტიკურ ფიგურებთან.
 

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობენ. ტურავას მტკიცებით, ბოლო პერიოდის მანძილზე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები შეიცვალა. მისი თქმით, ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების საკონსტიტუციო სარჩელის რეგისტრაციის პროცედურა კანონდარღვევით განხორციელდა. 

კომენტარები