საკონსტიტუციო სასამართლო

შავგულიძე: სისულელეა ეს ბრალდებები, იქით დავუსვამთ კითხვებს ტურავას

შალვა შავგულიძე
ambebi.ge

თავისუფალი დემოკრატების შეფასებით, ხელისუფლების ქმედებები საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად აზარალებს. პარტიის წევრი შალვა შავგულიძე ქართული ოცნების დეპუტატების გია ვოლსკის და ეკა ბესელიას ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა აკრძალული არ არის.  

"ვიდრე სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე არ იმსჯელებს, მანამდე დამატება და თუნდაც სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა არ არის აკრძალული, ვინმემ დაასახელოს - რა ირღვევა ამით. ტელეფონით ვესაუბრე ჩვენს ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს. მან მითხრა, რომ, რა თქმა უნდა, სისულელეა ეს ბრალდებები. ამაზე ჩვენ პასუხს გავცემთ და იქით დავსვამთ კითხვებს მოსამართლე ტურავასთან. ქართული ოცნების ეს დაუოკებელი ჟინი, რომ გააკონტროლოს საკონსტიტუციო სასამართლო, იწვევს ამ ინსტიტუციის რღვევას. ვერ უძლებს ეს ინსტიტუცია ასეთ კონტროლს, რადგან დამოუკიდებლობას საჭიროებს", - აცხადებს შავგულიძე. 

ქართული ოცნების დეპუტატებმა გიორგი ვოლსკიმ და ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ "საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის, იმ სარჩელების, რომელიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე". ეკა ბესელიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე სარჩელები შეიცვალა.

"ერთ შემთხვევაში არის 10 გვერდით შეცვლილი სარჩელი და იგივე ნომრით დარეგისტრირებული, ეს არის რუსთავი 2-ის საქმე, ე.წ. კაბელების საქმე, რომელზეც მოსამართლე ტურავამ ისაუბრა. ეს არის დანაშაულებრივი ფაქტები, რომელსაც გამოძიება სჭირდება... ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ე.წ. რევოლუცია", - თქვა დეპუტატმა.

სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა გია ვოლსკიმაც. მისი მტკიცებითაც, "შემოსულ სარჩელზე წინასწარ არის გავლილი კონსულტაციები პირველ კოლეგიაში და შემდეგ არის დამატებული და შესწორებული შინაარსობრივად". დეპუტატის თქმით, იკვეთება მოსამართლეების თანამშრომლობა სარჩელის შემომტან პოლიტიკურ ფიგურებთან.
 

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობენ. ტურავას მტკიცებით, ბოლო პერიოდის მანძილზე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები შეიცვალა. მისი თქმით, ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების საკონსტიტუციო სარჩელის რეგისტრაციის პროცედურა კანონდარღვევით განხორციელდა. 

"პირველი სარჩელი რა პროცედურით შეიცვალა მეორე სარჩელად. ეს არის კითხვის ნიშანი", - ამბობს ტურავა. 

კომენტარები