საკონსტიტუციო სასამართლო

შესაძლოა, საკონსტიტუციოში უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა გადაიდოს

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლოა, გადაიდოს. სხდომა დღეს, 12:00-ზეა ჩანიშნული. თუმცა, რამდენიმე მოსამართლე უარს ამბობს, დღევანდელ განხილვაში მონაწილეობა მიიღოს. მათი პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიებაა. 

"გადაწყვეტილების კანონიერებას, განსაკუთრებით, სამართლიანობას ეჭვქვეშ ნამდვილად არავის არ დავაყენებინებთ. ვინც არ უნდა იყოს და რომელი მხარეც არ უნდა იყოს, განსაკუთრებით, სადაც ჩემი ხელმოწერა იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმალურ მუშაობაში შედის ის, როდესაც არ არის საუბარი ვიღაცაზე ზეგავლენის მოხდენაზე", - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ოთარ სიჭინავა.

საკონსტიტუციო თავმჯდომარის მოადგილის ზაზა თავაძის თქმით კი, "ხვალინდელი პროცესი, სავარაუდოდ, გადაიდება და ზეგინდელ პროცესზე ჩვეულებრივად შევდივართ. ეს არ არის დაპირისპირება, მოსამართლეთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის, მეც, დავაფიქსირეთ, რომ ამ საქმეებისთვის გვჭირდება უფრო მეტი დრო".

მოსამართლეთა ნაწილის პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი ე.წ. კაბელების საქმის მსჯავრდებულების საკონსტიტუციო სარჩელის რეგისტრაციაა. მათი თქმით, პროცედურა კანონდარღვევით განხორციელდა. მერაბ ტურავას მიაჩნია, რომ რეგისტრაციიდან წარმოებაში მიღებამდე სარჩელი გამოცვალეს.

"პირველი სარჩელი რა პროცედურით შეიცვალა მეორე სარჩელად. ეს არის კითხვის ნიშანი საკითხი", - ამბობს ტურავა. 

მოსამართლეთა პროტესტის გამო, სხდომის შესაძლო გადადებას გიგი უგულავას იურისტი საბოტაჟის მცდელობად აფასებს. ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები კი იმედოვნებენ, რომ მოსამართლეები დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ და პროცესი გაიმართება. მათივე თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს წარდგენილი სარჩელის გამოცვლის თაობაზე გაკეთებული განცხადებები.

აქვე შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რაიმე სახის ზეწოლის ფაქტს უარყოფენ. უწყების განმარტებით, გამოკითხეს საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. საქართველოს პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ 21 ივლისს ისაუბრა. პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მოსამართლეებს ფარულად უთვალთვალებენ და ემუქრებიან.

კომენტარები