ევრომოსამართლეობის კანდიდატები

კოალიცია ევროსასამართლოს მოსამართლეობაზე გოცირიძის წარდგენას უარყოფითად აფასებს

კოალიცია " დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე, კანდიდატთა სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩანაცვლებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

"კოალიციამ უკვე დააფიქსირა თავისი უარყოფითი პოზიცია და გამოკვეთა ის ხარვეზები, რომლებიც მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსის მიმდინარეობას თან ახლდა. კერძოდ, მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ გვაჩვენა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები, ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ - მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას. ამიტომაც, მიგვაჩნდა, რომ ფაქტობრივად აზრი დაეკარგა კომისიის მუშაობას და ამ მნიშვნელოვან ინიციატივას შინაარსი გამოეცალა."- ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ მიუხედავად მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში შემავალი არასახელისუფლებო სუბიექტების (სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კოალიციის წარმომადგენელი) მხრიდან უკიდურესად დაბალი შეფასებებისა ევა გოცირიძე მაინც საუკეთესო საბოლოო 3 კანდიდატს შორის მოხვდა. 

" სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონკურსში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები, რაც აჩენს განცდას, რომ საჯარო კონკურსის მთლიანი პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული  არ შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება. ამასთან, არჩეული კანდიდატები მათი პროფესიული კვალიფიციურობის გარდა, ასევე უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მატარებელი."- წერია განცხადებაში.

კომენტარები