სომხეთი

ერევანში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 4 ახალი მძევალი აიყვანა

Reuters

ერევანში გუშინ საღამოს სამართალდამცველებმა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ აღებული პოლიციის განყოფილების შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულები შეიარაღებული ჯგუფის მხარდამჭერები იყვნენ.

სომხეთის პოლიციის პრესსპიკერის აშოტ აგარონიანის თქმით, შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი პოლიციის თანამშრომლებს ჩაბარდა. ადგილზე იყო ორმხრივი სროლაც.

"სამართალდამცველ ორგანოებს გაგიკ ეგიაზარიანი და არამ აკოპიანი ჩაბარდნენ. პოლიციის თანამშრომლებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის ორმხრივი სროლაც მოხდა, რის შედეგადაც პოლიციის თანამშრომელი და შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი დაშავდნენ", - განაცხადა პრესსპიკერმა.

ამის შემდეგ კი, აგარონიანისვე თქმით, შეიარაღებული ჯგუფის ორი დაჭრილი წევრის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.

შეიარაღებულმა ჯგუფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის 4-ვე წევრი მძევლად აიყვანა.

შეიარაღებული ჯგუფი შენობაში 17 ივლისს შეიჭრა და უკვე მეათე დღეა, იქ არიან. მათთან წინააღმდეგობას კი, ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, 6 დაიჭრა. შეიარაღებული პირების, რომლებიც მოძრაობა "სასუნის გმირების" წევრები არიან, მთავარი მოთხოვნა ოპოზიციის ლიდერის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომაა.

კომენტარები