საკონსტიტუციო სასამართლო

პროკურატურაში საკონსტიტუციოს მოსამართლეების გამოკითხვა დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გამოკითხვა დაიწყო. მოსამართლეები დღეს დილიდან ცალ-ცალკე მიდიან უწყებაში. საქმე ეხება გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ დასრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის, ლალი ფაფიაშვილის გამოკითხვა. მან გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, რომ მასზე ზეწოლის მცდელობასაც კი არასდროს ჰქონია ადგილი. მისივე თქმით, ნებისმიერი მოსამართლის ვალდებულებაა, რომ ასეთ შემთხვევაში გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"ჩემთან მიმართებით შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ზეწოლის მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი. სხვების სახელით მე ვერ ვისაუბრებ. ბატონ გიორგის, მისი სტატუსიდან და ურთიერთობიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ. ალბათ, იმ პირისგან, ვინც მიაწოდა მსგავსი ინფორმაცია სასამართლოს თავმჯდომარეს, უნდა შეიტყონ. იმ შემთხვევაში, თუკი პირის მიმართ ნამდვილად ხორციელდება ზეწოლა, თუკი პირმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა სასამართლოს თავმჯდომარესთან, რასაც მოჰყვა მოგვიანებით სასამართლოს განცხადება, ლეგიტიმური ვალდებულებაა ნებისმიერი ჩვენთაგანის, რომ გვაქვს თუ არა ინფორმაცია, გამოვცხადდეთ და თუ ინფორმაცია გვაქვს, მივაწოდოთ გამოძიებას", - თქვა ლალი ფაფიაშვილმა.

პროკურატურაში დღეს 13:00 საათზე დაბარებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც, თუმცა მისი განცხადებით, იგი პროკურატურაში არ მივა მანამ, სანამ პრემიერმინისტრს არ შეხვდება.

კომენტარები