სროლა მიუნხენში

მიუნხენში დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა

Getty

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. პოლიცია ეჭვობს, რომ მეცხრე პირი შესაძლოა, ერთ-ერთი თავდამსხმელი იყოს. ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 1 კილომეტრის დაშორებით ნახეს.

კვლავ უცნობია დაშავებულთა ზუსტი ოდენობა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 20 პირია დაჭრილი.

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმელები ჯერ არ დაუკავებიათ და კვლავ გაქცეულები არიან. სამართალდამცველები ხალხს მოუწოდებენ, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

"თქვენივე უსაფრთხოებისთვის, მოერიდეთ სკვერებს და ქუჩებს. დამნაშავეები კვლავ გაქცეულები არიან. მატარებლებისა და ავტობუსების მუშაობა შეჩერებულია. ჩართეთ რადიო და ტელევიზორი", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

"გერმანიის ქალაქ მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ცხელი ხაზის ნომერს +491 62 88 55 303. მოვუწოდებთ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას", - წერია უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათს სამხრეთ გერმანიაში, ქალაქ ვურსბურგთან ახლოს 17 წლის მიგრანტმა მატარებელში ნაჯახით მგზავრები დაჭრა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

კომენტარები