ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან ზურაბ ჭიაბერაშვილის მოსაზრებით, საერთო სასამართლოების სისტემის სრულად დამორჩილების შემდეგ, საკონსტუტიციო სასამართლო რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების გზაზე ბიძინა ივანიშვილისთვის ბოლო ბარიერია.
"საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს მართლაც ძალიან დიდი, ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია. თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მთელი ამ თვეების და წლების განმავლობაში თვითონ საკონსტუტიციო სასამართლოს მოსამართლეები არაერთხელ გახდნენ ღია შეტევის მსხვერპლი, როდესაც მათ სახლებთან ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ დაქირავებული ადამიანები შეტევებს აწყობდნენ.
ზოგადად, ქვეყნისათვის სავალალოა, როდესაც სასამართლო სისტემა სრულად მორღვეულია ბიძინა ივანიშვილის მიერ და ამას პირდაპირი გავლენა აქვს როგორც ადგილზე, ჩვენს წინასაარჩევნო გარემოზე, ისე ქვეყნის რეპუტაციაზე საზღვრებს გარეთ. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
ყველაფერი 8 ოქტომბერს დასრულდება, როდესაც ქართველი ამომრჩეველი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ წარსულში გაისტუმრებს და სისტემის თავიდან აწყობა და დალაგება მოგვიწევს. მათ შორის, სასამართლო სისტემისაც", - თქვა ჭიაბერაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ხელისუფლება დღეს მოსამართლეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.





