გადატრიალების მცდელობა თურქეთში

BBC: აქინ ოზთურქი გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფს

ANADOLU AGENCY/GETTY IMAGES

BBC-ის ცნობით, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მეთაური, აქინ ოზთურქი პროკურატურისთვის განკუთვნილ განცხადებაში, გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში მონაწილეობას არ აღიარებს.

"მე არ ვიყავი ის ადამიანი, ვინც დაგეგმა ან უხელმძღვანელა გადატრიალებას", - წერს ოზთურქი.

სახელმწიფოსგან მართული ახალი ამბების სააგენტო Anadolu კი წერდა, რომ ორშაბათს ოზთურქი და 26 უმაღლესი სამხედრო პირი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. სააგენტო Anadolu ასევე წერდა, თითქოს ოზთურქმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ის გადატრიალების სურვილით მოქმედებდა.

"არ ვიცი, ვინ დაგეგმა ან უხელმძღვანელა ამ მცდელობას. ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ გადატრიალების უკან გიულენის ძალები უნდა იდგნენ, თუმცა ვერ ვიტყვი, შეიარაღებული ძალებიდან ვინ იღებდა ორგინიზებაში მონაწილეობას. მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. მე მხოლოდ სტრუქტურის წინააღმდეგ ვიბრძოდი", - Anadolu-ს ცნობით, ოზთურქმა ეს სიტყვები პროკურატურას უთხრა.

გადატრიალების მცდელობამდე და დაკავებამდე ოზთურქი უმაღლესი სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

ოზთურქის გარდა, თურქეთში თითქმის 100 გენერალია დაკავებული და მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესები უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ გადატრიალების მცდელობას სულ მცირე 290 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მოწყობის მცდელობაში აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო ლიდერ ფეთულა გიულენს ადანაშაულებს.

კომენტარები