გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში 3 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ერდოღანის თქმით, მოქალაქეებს მცირედი შეშფოთებაც კი არ უნდა ჰქონდეთ ქვეყანაში დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან, ფუნდამენტურ უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. "საგანგებო მდგომარეობა ამ ფასეულობებს დაიცავს დარტყმებისგან", - თქვა მან.

დღევანდელ მიმართვაში მან გადატრიალების მცდელობისას დაღუპულებს "წამებულები" უწოდა. "ერი არასდროს დაივიწყებს მათ სიამაყესა და თავგანწირვას, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს", - თქვა ერდოღანმა.

პრეზიდენტისვე თქმით, უცხო ერებმა თურქეთის საქმეებისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ. "ეს ერი თავად გადაწყვეტს საკუთარ ბედს", - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 50 000-მდე ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. მათ შორის არიან: 15 200 მასწავლებელი, 1500 დეკანი, მოსამართლეები და პროკურორები. ამასთან, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს მეცნიერებს. გარდა ამისა, თურქეთში დაბლოკეს WikiLeaks, რომელმაც პრეზიდენტ ერდოღანის პარტიის 300 000-მდე ელექტრონული მიმოწერა, ათასობით თანდართულ დოკუმენტთან ერთად, გაასაჯაროვა.

ამასთან, კვლავ განიხილება, დასაჯონ თუ არა სიკვდილით შეთქმულების მონაწილეები. ერდოღანის თქმით, ეს ხალხის სურვილია.

გადატრიალების მცდელობას 265 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 104 თავად აჯანყებული.

კომენტარები