გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთის ოპოზიცია: გადატრიალების წინააღმდეგ ერთად უნდა ვიდგეთ

Reuters

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, რესპუბლიკელი ხალხის პარტიის თავმჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლუ ამბობს, რომ ნებისმიერი გადატრიალების მცდელობაზე ერთიანი პასუხი უნდა ჰქონდეთ. 

"რაც არ უნდა იყოს, სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ ერთად უნდა ვიდგეთ, ისევე, როგორც ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ", - თქვა მან კერძო ტელევიზია NTV-სთან საუბარში.

თურქული ნაციონალისტური პარტიის ლიდერი დევლეთ ბაჩელი კი პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმს ტელეფონზე ესაუბრა. მისი თქმით, გადატრიალების ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია და მისი პარტია თურქეთის რესპუბლიკას სოლიდარობას უცხადებს.

გადატრიალების მცდელობაზე პროტესტი გამოთქვა თურქეთის სახალხო დემოკრატიულმა პარტიამაც.

ამ წუთებში კი მოქალაქეები ანკარაში, პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილი. ისინი სამხედრო გადატრიალების მცდელობას აპროტესტებენ. 

თურქეთის პრემიერმინისტრის ბინალი ილდირიმის ინფორმაციით, გუშინ მომხდარს 161 ადამიანი შეეწირა, მათ შორის არიან მოქალაქეები და პოლიციელები. აჯანყებულებისმხრიდან კი 104 სამხედრო დაიღუპა.

თურქეთის ხელისუფლების ვარაუდით, გადატრიალების უკან თურქი სასულიერო ლიდერი ფეთულა გიულენი დგას, რომელიც ახლა პენსილვანიაში ცხოვრობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის თქმით, თურქეთს მისი ექსტრადიცია ჯერჯერობით არ მოუთხოვია. თავად გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
 

აჯანყებული სამხედროები ხელისუფლებას რამდენიმე საათში "ჩაბარდნენ". პოლიციამ 3000-მდე აჯანყებული დააკავა.

ამასთან, აჯანყებულთა ერთი ვერტმფრენი საბერძნეთის ჩრდილო ნაწილში დაეშვა და ბორტზე მყოფმა 8 პირმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს ინფორმაციით, საბერძნეთი მათ ექსტრადიციას მოახდენს.

კომენტარები