გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ელჩი: საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა

ghn.ge

თურქეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, თურქეთში მიმდინარე პროცესების დროს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა. ამის შესახებ ირაკლი კოპლატაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

„მთელი ღამის განმავლობში არ გაჩერებულა ცხელი ხაზი, 1000-ზე მეტი ზარი იყო შემოსული მხოლოდ ანკარაში. თუმცა, საბედნიეროდ, ეს ზარები ძირითადად იყო კითხვები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან და არა ინფორმაცია მათი დაზარალებულობის შესახებ. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია საბედნიეროდ საელჩოში არ შემოსულა. რაც შეეხება მგზავრებს, როგორც მოგეხსენებათ, ათათურქის აეროპორტში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები. მათთან ერთად არიან საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები და ათათურქის აეროპორტიდან ფრენების აღდგენის შესაბამისად, ისინი მაქსიმალურ დახმარებას გაუწევენ მათ, რათა პირველი შესაძლებლობისთანავე მათ მოახერხონ გამგზავრება“ - აცხადებს კოპლატაძე.

ელჩის ინფორმაციით, საკონსულოს ასევე აქვს კონტაქტი ქორეოგრაფიული ანსამბლების, ქართული გენისა და გორდას წევრებთანაც, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან. ირაკლი კოპლატაძე ამბობს, რომ საკონსულოს თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობენ მიაწოდონ მათ აუცილებელი საკვები თუ სასმელი.

„ანსამბლს აქვს კონტაქტი სტამბოლში ჩვენს საკონსულოსთან. საკონსულოს თანამშრომლები ამ მომენტისთვის იმყოფებიან აეროპორტში და გაემგზავრებიან, რათა მათ მიაწოდონ შესაბამისი დახმარება. პრობლემას ართულებს ის, რომ ჯერ სტამბოლის ორივე ხიდი ძალიან შეფერხებით და შეზღუდულად მუშაობს და ძნელდება გადაადგილება, ამიტომაც, ანსამბლი ვერ ახერხებს გზის გაგრძელებას და გადაადგილებას. თუმცა, როგორც გითხარით, მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ჩვენი გენერალური საკონსულო და ისინი მაქსიმალურად ეცდებიან მიაღწიონ ამ ბავშვებამდე და შესაბამისი პირველადი დახმარება მიაწოდონ, იქნება ეს საკვები თუ სასმელი“ - ამბობს კოპლატაძე.

ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრების მშობლები შვილების საქართველოში უსაფრთხოდ დაბრუნებას ითხოვენ. 

კომენტარები