რუსთავი 2-ის საქმე

სააპელაციომ განჩინებაში უზუსტობის შესახებ R2-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის იურისტების მოთხოვნა განჩინებაში უზუსტობის გასწორების შესახებ არ დააკმაყოფილა. განჩინება რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დღეს მიიღეს. იურისტი თამთა მურადაშვილის განმარტებით, განჩინებაში არის უზუსტობა, რომ ეს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დავაა.

"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში დაშვებული იქნა უსწორობა. კონკრეტულად, დავის საგანში მითითება იყო, რომ ეს არის ინტელექტუალური და საავტორო საკუთრების უფლება, რაც არ არის სწორი, რადგან სააპელაციო სასამართლოში ბოლო სხდომაზე ქიბარ ხალვაშმა უარი თქვა მის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორედ ინტელექტუალურ და საავტორო უფლების და ზიანის ანაზღაურების ნაწილში. რუსთავი 2, როგორც მხარე, გამოგვრიცხეს ამ საქმიდან და ეს ფაქტი გამოიყენეს იმისთვის, რომ პროცესებზე არ დავეშვით. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2 მხარე აღარ ვიყავით, დავის საგანსაც აღარ წარმოადგენდა ინტელექტუალური საკუთრება და საავტორო უფლებები, გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ მაინც მიუთითა, რომ ეს არის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ დავა, მაგრამ რუსთავი 2 მხარედ აღარ იყო მითითებული", - ამბობს მურადაშვილი და განმარტავს, რომ კანონმდებლობის თანახმად, მხარეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და უსწორობის გასწორება მოითხოვოს.

"კანონმდებლობით მონიჭებული ეს უფლება ჩვენ გამოვიყენეთ და სასამართლოს მივმართეთ. სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში განჩინება გამოიტანა და უარი გვითხრა ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე",- აღნიშნა იურისტმა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, რუსთავი2-ის იურისტები უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ. განჩინების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში 12 დღის ვადაშია შესაძლებელი.

კომენტარები