ლარის გაუფასურება

ივნისის მანძილზე მთავრობის დეფიციტურმა ხარჯვამ 141 მილიონი ლარი შეადგინა

iStockPhoto

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2016 წლის ივნისში ბიუჯეტის ხარჯები 625.7 მილიონი ლარი, მისი შემოსავლები კი 484.8 მილიონი იყო. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ იმაზე 140.9 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო, ამას კი დეფიციტური ხარჯვა ეწოდება და ის ეროვნული ვალუტის კურსისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს. 

დეფიციტური ხარჯვა მთავრობამ ბიუჯეტის ნაშთებით დააფინანსა. ეს ის თანხებია, რაც გასული წლების მანძილზე ბიუჯეტის შესრულების შედეგად გროვდებოდა. წლის დასაწყისიდან დღემდე ბიუჯეტის ნაშთი 288.9 მილიონი ლარით არის შემცირებული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, დეფიციტურმა ხარჯვამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, რაც ლარის სტაბილურობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. გოცირიძის თქმით, ეს ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს.

"რატომ ხდება, რომ ლარის დაცემა ყოველთვის ემთხვევა მთავრობის გადამეტებულ ხარჯვას წინა წლებში ნაგროვები ნაშთებიდან. დღეს დეფიციტურმა ხარჯვამ 290 მილიონ ლარს მიაღწია, მაშინ როცა ათიოდე დღის წინ 80 მილიონი იყო. მხოლოდ ბოლო სამ დღეში 130 მილიონი ლარი იქნა გაშვებული ხაზინიდან და მისი ძირითადი წყარო შემოსავლები კი არ იყო, არამედ ნაშთებიდან ხარჯვა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩამორჩენას როგორც ჩანს ახლა ანაზღაურებენ, თანაც ნახევარი წელი მთავრდება და ბიუჯეტის გეგმის( მათ შორის ხარჯების) შესრულებით ხომ უნდა წაიტრაბახონ. შესრულება კარგია, გააჩნია რის ხარჯად. მხოლოდ ეს არ არის ლარის გაუფასურების მიზეზი, მაგრამ ერთ-ერთი რომ არის, ამას წყალი არ გაუვა!" - წერს გოცირიძე საკუთარ facebook-ზე. 

კომენტარები