რუსთავი 2-ის საქმე

ომბუდსმენი R2-ზე: სააპელაციო სასამართლოს ქმედება არ შეესაბამება კანონს

უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილების 12 დღეში მომზადება და მხარისათვის გაგზავნა კანონს არ შეესაბამება. ომბუდსმენის თქმითვე, სახალხო დამცველისათვის არაა ცნობილი ისეთი შემთხვევა, როდესაც, სასამართლომ ისე განმარტა და გამოიყენა კანონი, როგორც რუსთავი 2-ის საქმეში. უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, სასამართლომ თავისი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით შექმნას შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა, ამოიკითხოს საკუთარი უფლებამოსილება კანონს მიღმა და გამოიყენოს ის სელექციურად და დაუსაბუთებლად.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ კანონით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, სასამართლოს მზად უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილება, ხოლო მხარე თავად წყვეტს -  ამ შუალედში როდის გამოცხადდება სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მხარის ამ არჩევანში სასამართლოს ჩარევა და მხარის ნების ჩანაცვლება სასამართლოს მიერ გამოხატული ნებით.

უჩა ნანუაშვილი ასევე განმარტავს, რომ კანონით, სასამართლო რაიმე ფინანსურ რესურსს სამოქალაქო დავებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების ჩასაბარებლად არ გამოყოფს, გარდა ორი საგამონაკლისო შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება ეგზავნებათ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებულ პირებსა და პატიმრობაში მყოფ იმ პირებს, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი.

"აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების სასამართლოს შეხედულებისამებრ გაფართოება კანონით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ქმედება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე–12 დღეს მხარისათვის მის გაგზავნასა და ჩაბარებას გულისხმობს, არ შეესაბამება კანონს. გარდა ამისა, სახალხო დამცველისათვის არაა ცნობილი ისეთი შემთხვევა, როდესაც, სასამართლომ ისე განმარტა და გამოიყენა კანონი, როგორც ამ განსახილველ საქმეში. დაუშვებელია სასამართლომ თავისი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით შექმნას შერჩევითი მართლმსაჯულების განცდა, ამოიკითხოს საკუთარი უფლებამოსილება კანონს მიღმა და გამოიყენოს ის სელექციურად და დაუსაბუთებლად" - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი და გამოთქვამს იმედს, რომ უზენაესი სასამართლო შესაბამისი საკასაციო საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელებს კანონის ნორმებით და შესაბამის შეფასებას მისცემს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ქმედებას.

სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანიის საქმის გადაწყვეტილება მხარეებს ფოსტით 22 ივნისს გაუგზავნა. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, რადგან სასამართლომ კანონი დაარღვია, რუსთავი 2-ის მხარე გადაწყვეტილების ნაადრევად ჩაბარებას არ აპირებს. 

"კანონი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ის თავად უნდა მივიდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება, თან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის მივა ამ შუალედში. ცხადია, ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით, ასევე ბოლომდე გამოვიყენებდით საკასაციო სასამართლოში ჩვენი გასაჩივრების ვადას. ამის მიუხედავად, დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დაიწერა 12 დღეში და შედგება 71 გვერდისგან", - ამბობს გვარამია. მისი თქმით, სრულიად შეუძლებელია 12 დღეში ამ მოცულობის გადაწყვეტილების ტექსტის დაწერა.

კომენტარები