რუსთავი 2-ის საქმე

ნანუაშვილი რ2-ზე: ვადის დარღვევა სახეზეა, სასამართლომ ეს უნდა განმარტოს

უჩა ნანუაშვილი

სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების რუსთავი 2-ისთვის ნაადრევად გაგზავნას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აფასებს. მისი თქმით, ვადების დარღვევა სახეზეა და სასამართლომ ეს ნაბიჯი უნდა განმარტოს. 

"ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ და შევისწავლით ამ საკითხს. იკვეთება, რომ გარკვეული დარღვევები და ხარვეზები ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს. სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რატომ მოხდა კონკრეტულად ამ შემთხვევაში ასეთი ნაბიჯის გადადგმა. საინტერესოა, იყო თუ არა მანამდე მსგავსი პრაქტიკა სასამართლოში. ამ საკითხებს შევისწავლით. ზოგადად, ხარვეზი ნამდვილად იკვეთება. ჩანს, რომ რეალურად ვადების დარღვევა სახეზეა. ვფიქრობ, ეს ისეთი საკითხია, სადაც სასამართლომ განმარტება უნდა გააკეთოს", - თქვა ნანუაშვილმა.

სააპელაციო სასამართლომ ვადის დარღვევით, 12 დღეში 71-გვერდიანი გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი 2-ს გუშინ გაუგზავნა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გუშინვე გამართა. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანიის საქმის გადაწყვეტილება ფოსტით გაუგზავნა, მაშინ, როდესაც სასამართლოს ეს ეკრძალება და გადაწყვეტილება თავად მხარემ სასამართლოში მისვლის გზით უნდა ჩაიბაროს არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა. რუსთავი 2-ის მხარემ გაგზავნილი გადაწყვეტილება არ ჩაიბარა.

მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად: "თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია."

კომენტარები