ვანო მერაბიშვილის საქმე

ევროპელი პარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ

assembly.coe.int

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართავენ და მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება და პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას. მათი მოსაზრებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის პატიმრობა მაშინ, როდესაც მის მიმართ მე-18 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების დარღვევაა დადგენილი ევროპული სასამართლოს მიერ, ჩრდილს აყენებს მომავალ არჩევნებს.

"საქართველო წელს გადამწყვეტი მნიშვნელობის საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს.

უკვე მერამდენედ ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციის წევრი პარლამენტარებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი პირების მიერ ორგანიზებული ძალადობრივი თავდასხმის ფაქტების შესახებ.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დასაჯოს კანონდამრღვევები. ამ პასუხისმგებლობის არაერთი უგულებელყოფა ხელისუფლების მიერ სერიოზულ კითხვებს აჩენს თანაბარ საარჩევნო პირობებთან დაკავშირებით.

14 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანთან, ვანო მერაბიშვილთან მიმართებით. ბატონი მერაბიშვილი მესამე პოლიტიკური ფიგურაა, რომლის მიმართაც ამ მუხლის დარღვევა დადგინდა ევროპული სასამართლოს მიერ.

უნდა აღინიშნოს, რომ მინისტრთა კომიტეტი ამ მუხლის დადგენის შემთხვევაში ყოველთვის პირის დაუყოვნებელ გათავისუფლებას და მისთვის წარდგენილი ყველა ბრალის მოხსნას ითხოვს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და პატივი სცეს გადაწყვეტილებას.

მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის პატიმრობა მაშინ, როდესაც მის მიმართ მე-18 მუხლით უზრუნველყოფილი უფლების დარღვევაა დადგენილი ევროპული სასამართლოს მიერ, ჩრდილს აყენებს მომავალ არჩევნებს", - წერია მიმართვაში.

მიმართვას ხელს 45 პარლამენტარი აწერს. მათ შორის არიან სოციალისტები, ლიბერალ-დემოკრატები, ევროპის სახალხო პარტიის წევრები, კონსერვატორები და დამოუკიდებელი დეპუტატები.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი უზრუნველყოფს იმას, რომ ხელისუფლებებმა ვერ შეძლონ შემზღუდავი ზომების (როგორიცაა დაკავება, ან სისხლის სამართლებრივი დევნა) გატარება, თუ ეს ზომები ემსახურება მიზანს, რომელიც არ არის კონვენციით გათვალისწინებული - მაგალითად, პოლიტიკურს. ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დარღვეულია მათ შორის მე-18 მუხლი. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წარდგენილ ბრალდებასთან.

კომენტარები