საპარლამენტო არჩევნები 2016

კვირიკაშვილი: მოვუწოდებ ყველას, მალე მივიღოთ პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს, საარჩევნო სუბიექტებს, სახელმწიფო უწყებებსა და პოლიციას საგანგებო განცხადებებით მიმართა. კვირიკაშვილის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში პრიორიტეტულია პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის მიღება. 

" უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებ ყველას, უმოკლეს დროში მივიღოთ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რომელსაც, იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება. ცნობილია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უკვე იხილავს ამ საკითხს, რაც უდავოდ მისასალმებელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, და ამ განცხადების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე შედგეს საზოგადოების ფართო კონსესუსი. კონსენსუსი, რომ არ იქნება გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, სიძულვილის ენა, ოპონენტების შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი ქმედება; ასევე, უზრუნველყოფილი იქნება განსხვავებული აზრის პატივისცემა.

მინდა მოვუწოდო სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული  პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. უაღრესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა.  მინდა ყველას მოვუწოდო, არ დაუშვათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. "- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

პრემიერმინისტრი, როგორც პარტიის ლიდერი ქართული ოცნების წევრებსაც მიმართავს. გიორგი კვირიკაშვილი მმართველი გუნდის წევრებს მოუწოდებს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის არ გამოიყენენონ. 

"ჩვენი ხელისუფლების მთავარი სიძლიერე და უპირატესობა სწორედ მის დამოკიდებულებაშია ოპონენტების და განსხვავებული აზრის მიმართ. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს მიდგომა და არავის მივცეთ საფუძველი კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვჭირდება - რადგან ისედაც გვაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა!"- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

საგანგებო განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციასაც მიმართა. პრემიერმინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში საარჩევნო კამპანია დაბრკოლებების გარეშე წარიმართოს.

" განსაკუთრებით მივმართავ პოლიციას! ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებს და ყველგან, სადაც დაპირისპირების რისკი მაღალია, უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება. სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუტების ვალდებულებაა, უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის კამპანიის  შეუფერხებლად წარმართვა." - ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებაში. 

 

კომენტარები