საპარლამენტო არჩევნები 2016

ცესკო-მ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა. უწყების ინფორმაციით, თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე - voters.cec.gov.ge.

"7 ივნისს 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 3634 საარჩევნო უბანი შეიქმნა, დადგინდა მათი ნომრები და საზღვრები; შესაბამისად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა)" - აცხადებენ ცესკო-ში.

უწყების ინფორმაციით, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისა და კომპიუტერული დამუშავების მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საარჩევნო ადმინისტრაციას წელიწადში 4-ჯერ გადასცემენ მონაცემებს საარჩევნო უფლების და ამავე უფლების არმქონე პირების შესახებ. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, 15 ივლისს ცესკო მორიგ განახლებულ მონაცემებს მიიღებს, რის საფუძველზეც კიდევ ერთხელ მოხდება ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ინფორმაციის განახლება.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. 

კომენტარები