რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის შენობაში ფეხს ვერასდროს შემოადგამს

rustavi2.com

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანია ორშაბათიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. 

"რას ვგეგმავთ - ვგეგმავთ მუშაობას ისე, როგორც ვმუშაობდით; ნამდვილად არ გადავყვებით ამ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ მოსალოდნელი იყო ის ჩვენთვის. ორშაბათიდან დავიწყებთ წინასაარჩევნო კამპანიის, მთავრობის მოღვაწეობის და არა მხოლოდ, სრულყოფილად გაშუქებას. ნაკლებს ვილაპარაკებთ ამ საქმეზე თუ, რა თქმა უნდა, ახალი დეტალები არ გამოიკვეთა. ვმუშაობთ ზუსტად იმავე რეჟიმში, როგორც ვმუშაობდით და ასე ვიმუშავებთ ბოლომდე, მათ შორის არჩევნებზეც. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები, თავისთავად ცხადია, ეს გეგმები მხოლოდ სამართლებრივი ხასიათისაა. ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება შეიძლება, აღმოჩნდეს ჩვენს საქმეზე. ვწერთ საკასაციო საჩივარს და ასევე იმედი გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლო ღირსეულად გაუმკლავდება ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას არამარტო მათ წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე. რუსთავი 2 უბრუნდება ჩვეულ კალაპოტს",- თქვა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშთან ნებისმიერ თანამშრომლობას გამორიცხავს.

"რაც შეეხება შემოთავაზებებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩემ მიმართ ისმის, მათ შორის ქიბარ ხალვაშისგან, რომ მე თუ რიტორიკას გამოვასწორებ, ის თანახმაა ჩემთან თანამშრომლობაზე, პირდაპირ ვპასუხობ - მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ, ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ არასდროს შეიცვლება, ის არის ბიძინა ივანიშვილის მანქურთი, მაგრამ შეუძლია, ამაზე არც იფიქროს, მას არ მოუწევს არავისთან თანამშრომლობა ამ შენობაში. ის რუსთავი 2-ის შენობაში ფეხს ვერასდროს შემოადგამს და ვერასდროს იქნება რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელი",- თქვა გვარამიამ.

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა. საქმის განხილვა მოსამართლეთა კოლეგიამ, ნატა ნაზღაიძის, შორენა ყაველაშვილისა და ნათია გუჯაბიძის შემადგენლობით, 7 ივნისს დაასრულა.

კომენტარები