ტელეკომპანია რუსთავი ორმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობით მიმართა. ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე მოსამართლეს სამოქალაქო დავის განხილვის უფლება არ აქვს.
"კოლეგიის ყველა წევრის აზრი უნდა იყოს მაქსიმალურად კვალიფიციური და დასაბუთებული. შორენა ყაველაშვილს არ აქვს ამის იურიდიული კვალიფიკაცია, ამიტომ გვაქვს მაღალი ხარისხის ეჭვი, რომ მიავლინეს საქმეში დავალების შესასრულებლად. ჩვენი ინფორმაციით, ის არის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის ზონდერ მოსამართლე, ასრულებს მის დავალებას და ხელს მოაწერს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვაყენებთ აცილების საკითხს, კოლეგია გამოვიდეს სათათბიროდან და გამოაცხადოს თავისი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლოს პასუხი არის სრულიად არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი. მას არ დაუსაბუთებია, რატომ მიამაგრა - სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე ამ კონკრეტულ საქმეს, რატომ არ იყო სხვა განმხილველი მოსამართლე, მითუმეტეს მყარი შემადგენლობის წევრი მესამე მოსამართლე მესხიშვილი რატიომ ვერ განიხილავდა ამ საქმეს, მაგრამ ახლა არ გავახმოვანებთ. ეს გადაწყვეტილება, რაც ხვალ გამოცხადდება, იქნება ზონდერ მოსამართლეების მიერ ხელმოწერილი, ერთსულოვნად, იმიტომ, რომ ისინი სწორედ ამისთვის იქნენ მიჩენილი ამ საქმეზე და არა მართლმსაჯულების განსახორციელებლად" - თქვა გვარამიამ.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის წევრმა შორენა ყაველაშვილმა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში ჩააბარა. შესაბამისი დოკუმენტაცია რუსთავი ორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ყაველაშვილი რუსთავი ორის საქმეს, შესაბამისად, სამოქალაქო დავას განიხილავს. რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ კანონის თანახმად, ყაველაშვილს არ აქვს უფლება, იყოს იმ კოლეგიის შემადგენლობაში, რომელიც სამოქალაქო დავას იხილავს. მისი განმარტებით, ამ დოკუმენტების მიხედვით, საქმე განიხილა არაუფლებამოსილმა კოლეგიამ, რაც კანონდარღვევაა. მურადაშვილი აღნიშნავს, რომ ამ კოლეგიის მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება უკანონოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით კი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლე შორენა ყაველაშვილის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. სასამართლოს განმარტებით, გავრცელებულ დოკუმენტაციაში ინფორმაცია არ არის სრულყოფილად მითითებული. სააპელაციოს განცხადებით, ყაველაშვილის მონაწილეობა რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.





