ბოტანიკური ბაღი

ნარმანია ჰესზე: ბოტანიკურ ბაღში საზოგადოებისთვის მიუღებელი არაფერი მოხდება

facebook.com/CityHallofTbilisi

თბილისის მერი დავით ნარმანია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა იგეგმება, ამბობს, რომ ის "სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების განცხადებაზე კომენტარებს ვერ გააკეთებს". ნარმანია ამბობს, რომ მან ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას საკრებულოში პასუხი უკვე გასცა.

"პოლიტიკურად გაკოტრებული და სიცრუის ტირაჟირებაზე ორიენტირებული ადამიანების მხრიდან რაიმე სახის განცხადება არ მგონია საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. არც ჩემთვისაა ეს საინტერესო. ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით ჩვენ ყველა კითხვას გავეცით პასუხი, როდესაც საკრებულოში მივედი. ბოტანიკური ბაღი და მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო ვითარდება და რაიმე ტიპის შემზღუდავ ან საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებას იქ ადგილი არ ექნება", - ამბობს ნარმანია.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ ენერგეტიკის სამინისტროსა და მერიაში წარდგენილი პროექტების მიხედვით უნდა აშენდეს "წავკისი ჰესი", რომლის კაშხალიც წავკისის ტერიტორიაზე იქნება, სადგურის გენერატორები კი - ბოტანიკურ ბაღში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მახლობლად განლაგდება. 

ჰესის პროექტს იურიდიულად კომპანია შპს "წავკისი ჰესი" ახორციელებს, კომპანიას და მის 100%-ის წილის მესაკუთრე დავით ქოროღლიშვილის იურიდიულად ბიძინა ივანიშვილთან და "ქართუ ჯგუფთან" კავშირი არ აქვთ, თუმცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ჰესის $600-ათასიან პროექტს სწორედ ივანიშვილი ახორციელებს.

კომენტარები