მთავრობის სხდომა

პრემიერი: ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. სულ რამდენიმე დღის წინ გვქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მთავრობის წევრებთან ერთად განხილვა მომავალი ინფრასტრუქტურული განვითარების მთლიანი სამოქმედო გეგმის. 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ იმდენი სამუშაოს შესრულებას, რამდენიც, ფაქტიურად, გასული ათწლეულების განმავლობაში არ შესრულებულა საქართველოში. ეს არ არის გადაჭარბებული მოლოდინები, ეს არის აბსოლუტურად კონკრეტულ მაჩვენებელზე და კონკრეტულ პოტენციალზე დაყრდნობით გათვლილი გეგმა. სულ, უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ პრეზენტაციას ამ სამოქმედო გეგმის, რომელიც ითვალისწინებს როგორც მთავარი ინფრასტრუქტურული არტერიების განვითარებას და მშენებლობას, ასევე ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი გზების განვითარებას, რაც სრულიად ახალ სუნთქვას მიანიჭებს ჩვენს ტურისტულ სექტორს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს გაუჩნდებათ უფრო მეტი შემოსავალი და მათ ექნებათ საშუალება, მიიღონ უფრო მეტი სტუმარი. ეს ნიშნავს უფრო მეტ დახარჯულ ფულს საქართველოში, ეს ნიშნავს უფრო მეტ მოთხოვნას ჩვენ აგრარულ პროდუქციაზე და არამხოლოდ, ეს ნიშნავს მთლიანი შიდა პროდუქტის ძალიან მნიშვნელოვან ზრდას და მეტი ინვესტიციების მოზიდვას.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები