რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 7 ივნისს განახლდება

რუსთავი 2

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა. ის 7 ივნისს, 10:00 საათზე განახლდება.

სხდომის დასაწყისში მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, თაღლითად რომ ჩაითვალოს, გამოძიება უნდა იყოს დაწყებული, რაც ასე არ არის. გუჯაბიძისვე განმარტებით, მის წინააღმდეგ არც სამართლებრივი და არც დისციპლინარული დევნა იუსტიციის საბჭოში არ დაწყებულა.

"იმისთვის, რომ ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს ძალაში შესული განაჩენი. არანაირი დევნა ჩემს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს", - ამბობს გუჯაბიძე.

დღევანდელ პროცესზე რუსთავი 2-ის ადვოკატებს ნათია გუჯაბიძის აცილებასა და პროცესზე გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაშვებასთან დაკავშირებით შუამდგომლობების დაყენება სურდათ, რის უფლებაც მოსამართლეთა კოლეგიამ მათ არ მისცა. კამათის პროცესში სასამართლო დარბაზიდან ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი გააძევეს ტელეკომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ასევე დააჯარიმეს ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე.

კოლეგიის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის განცხადებით, ადვოკატები სასამართლოს არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას.

გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატებს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს, ტელეარხის მფლობელების გია და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა პროცესის გადადება მოითხოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ კი ამაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ რუსთავი 2-ის მხარეს უკვე მოუსმინა.

შემდეგ უკვე სიტყვით გამოვიდა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას იხილავს, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამას" მიეკუთვნა.

კომენტარები