რუსთავი 2-ის საქმე

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

პროცესის დაწყებისთანავე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეთა კოლეგიის აცილებაზე შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, წინა კოლეგიის ერთმა მოსამართლემ სასულიერო პირს გაანდო ინფორმაცია, რომ კოლეგიაზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და გადაწყვეტილება უკვე დაწერილი იყო იუსტიციის სამინისტროში, მინისტრ წულუკიანის მონაწილეობით. ნიკა გვარამიას თქმით, გამოძიებას, დაინტერესების შემთხვევაში, მიაწვდის ყველანაირ ინფორმაციას და შეძლებენ სამივე წყაროს დაუკავშირდნენ, რომელთაგანაც მას აქვს ნებართვა.

"მოსამართლეებო, თქვენ იხილავთ ამ ქვეყნის ყველაზე რეზონანსულ საქმეს, რომელსაც ქართულ მართლმსაჯულებაში პრეცენდენტი არ ჰქონია. თქვენმა გადაწყვეტილებებმა, შეიძლება გამოიწვიოს მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირება. დღეს სახეზეა სასამართლოს ნდობის კრიზისი და ამის აღმოსაფხვრელად აუცილებელია აცილება", - თქვა რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას თქმით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაჟღერებული პოზიცია ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ფანტაზიას. მან მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო სისტემის დისკრედიტაციაშიც დაადანაშაულა.

„პირველივე დღიდან, როცა მხარემ შეიტყო, რომ ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს მიმართა, მისი უფლების აღსადგენად დაიწყეს მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. დაიწყეს ეს თამაზ ურთმელიძით. ეს ხდება ხელოვნურად", - თქვა პაატა სალიამ.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა რუსთავი 2-ის დირექტორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს, რის მიზეზადაც შუამდგომლობის დაყენების უსაფუძვლობა დასახელდა. ამის შემდეგ ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის აცილება მოითხოვა. მისი თქმით, ნატა ნაზღაიძე იმყოფებოდა იმ კოლეგიაში, რომელზეც აღნიშნული ზეწოლა ხორციელდებოდა.

მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიას არც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

კომენტარები