დამოუკიდებლობის დღე

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

რუსთავი 2

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები 12:00 საათიდან წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნება. თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად, ფიცის დადების ცერემონიალები კახეთში - იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში - ნოქალაქევის ციხე-სიმაგრესთან, სამცხე-ჯავახეთში - ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში - ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში - ბათუმის ბულვარში გაიმართება.

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს თავისუფლების მოედანზე განლაგდება სამხედრო ტექნიკა, მათ შორის იქნება აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა - „აბრამსი“ და „ბრედლი“. ღონისძიებაზე რეკრუტების გარდა წარმოდგენილნი იქნებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების XII ბატალიონის ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები. თავდაცვის უწყების ცნობით, ფიცის დადების ცერემონიალში წელს, პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დიდი ბრიტანეთის საპარშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრი, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნული ორკესტრი, აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრი.

თავისუფლების მოედანზე გადაიფრენს ოთხი ვერტმფრენი სახელმწიფო დროშებით. ბავშვების გუნდი შეასრულებს სახელმწიფო ჰიმნს, ხოლო, ფიცის დადების შემდეგ ანსამბლი „სუხიშვილები“ „ხორუმს“ იცეკვებს. 

დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით მოეწყობა ყვავილების ფესტივალიც. 13:00 საათზე კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს.

დღის განმავლობაში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მისულ მოსახლეობას მოძრაობის თეატრის პერფორმანსისა და პანტომიმის თეატრის მსვლელობის, ისტორიული ექსპონანტების გამოფენის, ქუჩის თეატრის პერფორმანსის, "ბასტი ბუბუს" კონცერტის ნახვისა და სხვა გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.

20:00 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება, რომელსაც პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. გალა-კონცერტი ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში გაიმართება, გარდა ზუგდიდისა.

კომენტარები